ბიოგრაფია

     ზურაბ ჩინჩალაძე დაიბადა 1960 წლის 23 აპრილს ქალაქ თბილისში. აღიზარდა ოჯახში, სადაც მამა – რობერტ ჩინჩალაძე და დედა - ნუნუ ვოზნიაკი მუსიკის დიდი თაყვანისმცემლები და დამფასებლები იყვნენ, ამიტომაც იგი ბავშვობიდან ეზიარა მუსიკას; დედას იგი ხშირად დაჰყავდა ოპერაში, კონსერვატორიის საკონცერტო დარბაზში და თეატრებში, ხოლო 9 წლით უფროსი ძმა – ნოდარ ჩინჩალაძე (შემდგომში დირიჟორი) 5 წლის ასაკიდან ასწავლიდა მას ფორტეპიანოზე დაკვრას და ნოტების წერას.

1967 წელს შევიდა თბილისის 140-ე საშუალო სკოლაში.

1968 წელს – 14-ე მუსიკალურ სკოლაში ვიოლინოს კლასში ცნობილ პედაგოგთან სერგო ტერ-არაქელოვთან.

     პარალელურად სწავლობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ექსპერიმენტულ სკოლაში კომპოზიციის კლასში პროფესორ ალექსანდრე შავერზაშვილის ხელმძღვანელობით. ამ პერიოდიდან წერდა პატარ-პატარა მუსიკალურ ნაწარმოებებს, რომლებიც პედაგოგთა ყურადღებას იმსახურებდა. თუმცა პედაგოგებისგან მალულად საესტრადო ნაწარმოებებსაც ქმნიდა.

1974 წელს 14 წლის ასაკში შექმნა რამდენიმე საესტრადო ნაწარმოები, მათ შორის "პაწაწინა რტო ვარ" პოეტ ანა კალანდაძის ლექსზე, ეს სიმღერა რამდენიმე ათეული წელია დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართულ ესტრადაზე.

1975 წელს შედის თბილისის III-ე მუსიკალურ სასწავლებელში ვიოლინოს კლასში

     1976 წლიდან თანამშრომლობს ცნობილ საესტრადო ანსამბლებთან – "მზიური", "ნერგები", "რერო", და "75".

ვინაიდან კონსერვატორიის და მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგები საესტრადო ჟანრში მუშაობას უკრძალავდნენ ეს თანამშრომლობა პრაქტიკულად გასაიდუმლოებული იყო.

ნაყოფიერი იყო 18 წლის მუსიკოსისათვის შეხვედრა ქართული ესტრადის მეტრთან რობერტ ბარძიმაშვილთან, რომელმაც მისი ნაწარმოებები შეიტანა იმ დროს ძალზე პოპულარული ანსამბლის "75"-ის რეპერტუარში, უკვე ამ დროიდან ზურაბ ჩინჩალაძემ მიიქცია ყურადღება, როგორც ნიჭიერმა მუსიკოსმა და კომპოზიტორმა.

     1977 წელს სწავლას აგრძელებს თბილისის კონსერვატორიაში.

1981-82 წლე ბში იგი ჯარში გაიწვიეს, თუმცა იქაც არ უღალატა მუსიკას და სამხედრო ორკესტრში უკრავდა საყვირზე.

1983 წელს, ჯარიდან დაბრუნების შემდეგ კვლავ გრძელდება ზურაბ ჩინჩალაძის და მაესტრო რობერტ ბარძიმაშვილის თანამშრომლობა – ბარძიმაშვილმა იგი ახლად ჩამოყალიბებული ბავშვთა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის "ლახტის" მუსიკალურ ხელმძღვანელად მიიწვია. აქ მან თავი გამოიჩინა როგორც ნიჭიერმა პედაგოგმა და მუსიკოსმა.

1985 წელს – იგი ბავშვთა ანსამბლ "მზიურიში" მუშაობს, ხოლო 1986 წლიდან გორის ბავშვთა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის "აი იას" სამხატვრო ხელ-მძღვანელია, ამ ანსამბლთან ერთად მან წარმატებით მოიარა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა.

1997-2001 წლებში ზურაბ ჩინჩალაძე მოსკოვში მოღვაწეობს და მუშაობს ხმის ჩამწერ სტუდიაში არანჟირებაზე.

2002 წლიდან დღემდე მუშაობს კომპოზიციებზე. გარდა მუსიკალური ნაწარმოებების შექმნისა ზურაბ ჩინჩალაძე თავისი სიმღერების უბადლო შემსრულებელიცაა.

     

ჟანრობრივად მეტად მრავალფეროვანია ზურაბ ჩინჩალაძის ნაწარმოებთა მუსიკალური ნუსხა. საესტრადო ნაწარმოებების გარდა მას შექმნილი აქვს მრავალი სიმფონიური, საოპერო, საბალეტო, საგუნდო, საფორტეპიანო, საორკესტრო და კამერული ნაწარმოებები.

     ჰყავს მეუღლე - ირმა ჩინჩალაძე, შვილები: გიორგი ჩინჩალაძე - რძალი როზა შამოიანი, ნინო ჩინჩალაძე - სიძე თორნიკე ქაფიაშვილი. შვილიშვილები თემური ქაფიაშვილი და გიორგი ჩინჩალაძე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბიოგრაფია
Copyright 2012.www.chinchaladze.ge