12-02-2015

 

გადაცემას ”დამზადებულია საქართველოში” ზურაბ ჩინჩალაძე ესტუმრა.

- დავიწყოთ თქვენი მუსიკალური კარიერის დასაწყისიდან...

- წერა დავიწყე 9 წლიდან. კლასიკოსი კომპოზიტორი ვარ. სიმღერა კი 1994 წელს დავიწყე. სხვას დავუწერე და ის სხვა არ მოვიდა და მე ვიმღერე. 4-5 დღეში მთელს საქართველოში პოპულარული გახდა. შემდეგ ”მელოდიიდან” დამირეკეს და შემომთავაზეს ჩამეწერა, მაშინ ვიუარე. თუმცა შემდეგ დავწერე და ვიმღერე ნინოზე, თამარზე და ა. შ. ხშირად ვუსმენ ხოლმე გიორგი ცაბაძეს, მისი შვილი კახა ჩემი მეგობარია. ერთხელ მე ბესო კალანდაძე და ზაზა მენაბდიშვილი ვიყავით ერთად და საუბრობდნენ მე ბარიტონი ვარო, მე ის ვარ, მე ესო. მე რა ვარ თქო და ზაზამ მითხრა შენ ”კამაზი” რომ ხრეშს დაცლის ისეთი ხმა გაქვსო...

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

* * * * * * * * * * * * * * * * * *

ზურა ჩინჩალაძე & მანანა დონაძე

"ალალო დალალო"

* * * * * * * * * * * * * * * * * *

 

- თქვენი აზრით, რომელია თქვენი სიმღერებიდან თქვენი სავიზიტო ბარათი?

- ეს არის ანა კალანდაძის ტექსტზე დაწერილი სიმღერა ”პაწაწინა რტო ვარ”. მაშინ 14 წლის ვიყავი. მაგის გამო კინაღამ კონსერვატორიიდან გამომაგდეს, რადგან კლასიკას გადავუხვიე. ამის შემდეგ ყველას ვთხოვდი, რომ ჩემი სახელი არ გამოეცხადებინათ. პირველად ეს სიმღერა ანსამბლმა ”ნერგებმა” იმღერა, შემდეგ ”მზიურმა”, ასევე ლევან ლაზარიშვილმა. დღესაც ვიცი რომ მღერიან ამ სიმღერას. მე კი მიცნობენ ყველაზე მეტად სიმღერით ”ემიგრანტის ნოსტალგია”.

მინდა გავიხსენო თქვენი დუეტი და კლიპი სიმღერაზე ”ქართველი და ებრაელი”...

- მე და ბადრიმ ერთად გადავწყვიტეთ რომ გვემღერა. მე ვფიქრობდი რომ არ მოუხდებოდა ჩვენი ხმები ერთმანეთს. მთელს მსოფლიოშია ცნობილი, რომ ყველაზე კარგად ებრაელები ცხოვრობდნენ საქართველოში. მე ძალიან მიყვარს ებრაელი ერი. სიმღერა ჩემია, ტექსტებს მე არ ვწერ, ამ შეთხვევაში დავით ქურიძეა ავტორი. სიმღერა თბილისში ჩავწერეთ. ისრაელში არ ვარ ნამყოფი, არც ავსტრალიაში, ისე ყველგან ვარ ნამყოფი, თანაც კომუნისტების დროს. ადრე ანსამბლი მყავდა ”აი ია”. ”მზიურშიც” ვიყავი, ასევე ”ლახტში”. ხშირად მიწვევენ საზღვარგარეთ, ბოლოს შარშან მადრიდში ვიყავი. 2000 წელს, ჩემი მეგობრის ძმას დავუწერე სიმღერა ”ემიგრანტის ნოსტალგია”, ის სტრასბურგში ცხოვრობს. ნინო სირბილაძის ტექსტია, რომელიც ახლა უკვე ემიგრანტია. სწორედ ამ სიმღერით მიწვევენ ხოლმე. ყველგან კარგია, მაგრამ მე აქ მირჩევნია, მე ქართველი ვარ და აქ უნდა მოვკვდე.

გადაცემის ვიდეო ჩანაწერი

 

 

 

- გჭირდებათ თუ არა მუზა, რომ დაიწეროს სიმღერა..

- უმეტეს შემთხვევაში საჭიროა და ვწერ. მე ვისწავლე კონსერვატორიაში როგორ დავწერო და როდესაც მინდა მაშინ ვწერ. ესტრადას მუზა არ სჭირდება. ”ვაიმე, ვაიმე” 2013 წელს დავწერე, თუმცა პოლიტიკური ტესქტი იყო და მირჩიეს რომ შემეცვალა. მე არ ვერევი პოლიტიკაში. მე რომ დავწერო მაგალითად ვაჟას ლექსზე, არ გამოვა, ძველებური სიმღერა იქნება. ახლა სხვანაირად არის. მე მხოლოდ შეკვეთით ვწერ სიმღერას.

- თქვენ სახლში გაქვთ სტუდია..

- დიახ, სახლში ვმუშაობ, ერთ კომპიუტერში მუსიკას ვწერ, მეორე კომპიუტერში კი საიტებსაც ვაკეთებ. მოსკოვში ვისწავლე, როდესაც ეს საქმე ახალი დაწყებული იყო. ძალიან შეიცვალა ტექნიკა, უმეტესად ყველაფერს მე ვწერ ხოლმე. დოლს კომპიუტერით ისე ვუკრავ ხოლმე, რომ ვერ გაარჩევ. დუდუკსაც მე თვითონ ვაკეთებ, ქართულ გარმონს ვერ ვწერ, ვერ შევეჩვიე ჯერ. ფანდურსაც ვირტუოზულად ვაკვრევინებ.

- თქვენს რეპერტუარში არის ”ერთი სიმღერა”, მოგვიყევით მასზე...

- 2010 წელი იყო და მეუღლე გამიბრაზდა ძალიან სერიოზულად. ის სამშობიარო ”ბიბიდაში” მუშაობს. დავწერე სიმღერა და ”არ დაიდარდოს” მენეჯერს, გიორგი მშვენიერაძეს ვთხოვე, რომ გაგვეშვა კონკრეტულ დროს. მაშინვე შემირიგდა და მორიგეობიდან ჩემი მეუღლე უკვე სიცილით დაბრუნდა. ოჯახი გადამირჩინა ამ სიმღერამ.

- სამომავლო გეგმებზე ვისაუბროთ...

- მე მოუსვენარი კაცი ვარ და ერთ ადგილზე გაჩერება არ შემიძლია. ყველაფერს ძალიან სწრაფად ვსწავლობდი. ავსტრიაში მინდა ჩასვლა. სლოვაკი პიანისტი უკრავს ჩემს ნაწარმოებს და მინდა დავესწრო.

- ახალ სიმღერაზე ვისაუბროთ...

- სიმღერას ამერიკაში მცხოვრებ მამანა დონაძესთან ერთად ვმღერი, სიმღერის დასაწყისში გამოვიყენე შოტლანდიური ინსტრუმენტი, დანარჩენი ყველაფერი ქართულია. ჩაიწერა ნუკრი რუხაძის სტუდიაში, არანჟირება მე და ნუკრიმ ერთად გავაკეთეთ. სიმღერის სახელწოდება გახლავთ ”ალალო-დალალო”.

სატელეფონო ჩართვა ნიუ იორკიდან - მანანა დონაძე:

რამდენი წელია ამერიკაში ცცხოვრობთ?

- 14 წელია აქ ვარ და ჩემდა სამწუხაროდ ამ დროის განმავლობაში არც ერთხელ არ ვყოფილვარსაქართველოში. საბუთების პრობლემა ბოლომდე არ არის მოგვარებული და ვერ ჩამოვდივარ იმის შიშით, რომ უკან ვეღარ დავბრუნდები. ერთ-ერთ ქართულ რესტორანში ვმღერი.

- საიდან გაჩნდა სიმღერის ჩაწერის იდეა?

- რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, დაახლოებით 5-6 წელია ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ თან ვიცნობთ და თან არ ვიცნობთ ერთმანეთს. ჩვენ ოჯახებით ვიცნობთ ერთმანეთს და ერთმანეთის მეგობრებსაც კი ვიცნობთ. დუეტი სხვადასხვა კონტინენტზე ჩავწერეთ. სიმღერის ჩაწერის იდეა სკაპით წარმოიშვა. არ გაგვჭირვებია ნამდვილად ჩაწერის პროცესი. მე მეუღლე მყავს პროფესიონალი მუსიკოსი და დირიჟორი და სახლის პირობებში მაქვს ჩამწერი სტუდია მოწყობილი.